თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ ვაკის პარკის შადრევანზე დასკვნა ყველა ეტაპზე იყო ცალსახად დადებითი და ასეთ დროს მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ არ გაეცათ თანხმობა პროექტის ჩაბარებაზე.
მისი თქმით, მერიის სამსახური ამოწმებს აკრედიტირებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და არის თუ არა დასკვნა დადებითი.
"ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება, ამ რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც იყო ჩადებული ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა, არის 500 გვერდზე მეტი, ეს დასკვნა დევს ასევე სახელმწიფო შესყიდვების საიტზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ის ნახოს. რაც შეეხება ჩვენ სამსახურებს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი სამსახური ამოწმებს აკრედიტირებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია და ასევე დასკვნის შინაარს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. [...] შესაბამისად, ჩვენ თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე", - ამბობს ანდრია ბასილაია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იხილეთ: