"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს ინიციატივით, შეიქმნას დასაქმების ერთიანი პლატფორმა საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების "ადგილზე დასამაგრებლად". მისივე თქმით, აუცილებელია ახალგაზრდების იდეებისა და "სტარტაპერების" მხარდაჭერა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არაა და მოქმედებაა საჭირო.
"არ მინდა ვიხილო საქართველო ქართველების გარეშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. მაქვს იდეა,რომელიც მინდა გაგიზიაროთ, მოვუწოდებ ყველა ბიზნესს, მსხვილს, საშუალოს, მცირე ბიზნესს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად. ასევე საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა. ამ და სხვა მსგავსი ნაბიჯებით, დამერწმუნეთ, დიდ სტიმულსა და იმედს მივცემთ წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს", - თქვა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე.