დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა კიდევ ერთი ლიდერობის არჩევნებით გადაწყდება, ვინ გახდება კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი.
გაერთიანებულ სამეფოში ახალ პრემიერმინისტრს წელს უკვე მეორედ ირჩევენ. კონკურსი 28 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
პენი მორდონტი
პენი მორდონტი პირველი დეპუტატია, რომელმაც თავისი კანდიდატურა ოფიციალურად გამოაცხადა. მორდონტი წინა რაუნდშიც იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
მორდონტმა თავისი კანდიდატურის დაყენების შესახებ პარასკევს Twitter-ზე განაცხადა და დაწერა: "მე შთაგონებული ვარ კოლეგების მხარდაჭერით, რომლებსაც სურთ ახალი დასაწყისი, გაერთიანებული პარტია და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ხელმძღვანელობა. მე ვაპირებ ვიყო კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი პრემიერი, რათა გავაერთიანო ჩვენი ქვეყანა, შევასრულო დაპირებები და მოვიგო შემდეგი არჩევნები".
რიში სუნაკი
მორდონტის მსგავსად, რიში სუნაკი ამ ზაფხულს ლიდერის პოსტზე ბორის ჯონსონის შემცვლელად იყრიდა კენჭს - ის ლიზ ტრასთან ერთად ფინალშიც გავიდა. კამპანიის დროს ის ამბობდა, რომ მისი კონკურენტის საგადასახადო გეგმები ზიანს აყენებდა ეკონომიკას, თუმცა მან პარტიის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოაგროვა და ტრასთან 21 000 ხმით დამარცხდა.
ბორის ჯონსონი
მედიაში აქტიურად განიხილება დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის კანდიდატურაც. ჯონსონს თანამდებობის დატოვება მის ირგვლივ არსებული არაერთი სკანდალის გამო ივლისში მოუწია. ამის მიუხედავად, BBC წერს, რომ ჯონსონს ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები როგორც პარლამენტში, ისე პარტიაში.
გარდა სუნაკის, ჯონსონისა და მორდონტისა, კანდიდატებად ასევე შეიძლება ვიხილოთ საერთაშორისო ვაჭრობის მდივანი კემი ბეიდინოხი, საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს ქლევერლი, იუსტიციის მდივანი ბრენდონ ლევისი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივმანი.
ბრეივმანმა თანამდებობა 19 ოქტომბერს დატოვა. მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევაა.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კენჭისყრას აპირებდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, თუმცა მისი თქმით, ის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს და მხარს, სავარაუდოდ, ბორის ჯონსონს დაუჭერს.
წყარო: BBC