"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესებმა ევროპას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ "ოცნება" ევროპული პერსპექტივის მიღებას არ აპირებს.
საგანგებო ბრიფინგზე ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძესა და გვრიტიშვილის დანიშვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი იუსტიციის საბჭოში კლანის გასამყარებლად ბრუნდებიან.
"დღეს იმართება ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა, პროცესი, რომელმაც პრაქტიკულად ევროპას გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ქართული ოცნება არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა, სცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა.
მურუსიძესთან დაკავშირებით გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გზავნილია ოცნების მხრიდან, გზავნილი პირველ რიგში მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენ ქვეყანას ოცნების პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა. მე დღეს არ მივმართავ ქართულ ოცნებას, არანაირი ილუზია, რომ ოცნების პირობებში ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა არ არსებობს, მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზეცაა ჩვენი ევროპული მომავალი, ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზეა დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.