"ლელო საქართველოსთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის არჩევას ეხმაურება და წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ოცნებამ განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.
პარტიის განცხადებით, გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.
"იუსტიციის საბჭოში განხორციელებული ფასადური არჩევნებით, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.
ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულების მაგიერ, ხელისუფლებამ დღეს მორიგ ჯერზე გაამყარა „სასამართლო კლანის“ ძალაუფლება და გააძლიერა საკუთარი პოლიტიკური კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე.
სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, რაც ევროინტეგრაციის პროცესის სულისკვეთებას ასახავდა, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად „კლანის“ ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის განხორციელებას, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 276-მა წევრმა მიიღო. სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო. გვრიტიშვილი კი 267 ხმით აირჩიეს.