თბილისი მთავრობის სხდომაზე მერმა მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეებში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. მისი განცხადებით, მერიამ დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა ჩაატარა და პასუხების მიხედვით, ყველაფერი ნორმაშია.
მისი თქმით, პრობლემა არის თანამშრომლებში, რომლებმაც მიზანმიმართულად გაავრცელეს სიცრუე. მერმა ამ შემთხვევაშიც მედია გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ თემით მანიპულირებას აქვს ადგილი.
"სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზსა და ბავშვების თემით მანიპულირებს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ იმედს სადაც გადაღებული ვიდეო მასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, რეალურად ვიდეო ზაფხულის პერიოდშია გადაღებული და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.
მერი ამბობს, რომ აუზის წყლის ტესტირება ჩაატარეს და ქლორი და PH-მაჩვენებლები, ნორმის ფარგლებშია.