"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსთავის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რუსთავის მერიაში არიან დაბარებული, თუმცა პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 4 წლის ბიჭი იმსხვერპლა კომპანიმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე და ბრალდებული მძღოლი, საავადმყოფოშია. ის გუშინ გამოკითხვაზე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებისა და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - "მერიამ გამოიძახა და ვიცი რომ წავიდნენ [უფროსები]... მძღოლი საავადმყოფოშია, აერია ტვინი... ცუდად არისო და რაღაც დაეწყოო.." - ამბობს სატრანსპორტო კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
კლინიკაში კი, სადაც გუშინ ბავშვი გადაიყვანეს, ამბობენ, რომ 4 წლის ბიჭს სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
"შემოვიდა 27 ოქტომბერს 16:40 წუთზე, შემოყვანილი იყო გამვლელი მანქანის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. არ დავკონკრეტდები იმდენად რთული შემთხვევა იყო, შემოსვლის მომენტში სიცოცხლის არანაირი ნისან-წყალი არ აღენიშნებოდა დაფიქსირდა როგორც გარდაცვლილი" - ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 ოქტომბერს მუნიციპალური ავტობუსი რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი დაიღუპა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.