რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა - "თქვენ მიერ დასახული დავალება, 300 000 ადამიანის მობილიზება, შესრულებულია. დამატებითი დავალება არ იგეგმება", - განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, კომისარიატები მხოლოდ მოხალისეების მიღებას გააგრძელებენ.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთში გამოიძახეს 27 000-ზე მეტი მეწარმე და სხვადასხვა დონის აღმასრულებელი ხელისუფლების 1300-ზე მეტი წარმომადგენელი.
მობილიზაციის ფარგლებში ჯარში მოხალისედ წავიდა 13 000 ადამიანი. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა საშუალო ასაკი 35 წელია.
82 000 მობილიზებული გაიგზავნა "სპეცოპერაციის" ზონაში წვრთნების შემდეგ, 218 000 მობილიზებული წვრთნებს პოლიგონებზე გადის.
პუტინმა ქვეყანაში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.