
"პირი, რომელიც ფოტოგრაფს ესაუბრა, დაკითხული არ არის. ოპერატორი იყო თუ ვინ, ჩვენ არ ვიცით", - ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გადაცემაში "დღის სტუმარი" გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არსებულ შეუსაბამობებსა და გამოძიების არათანმიმდევრულობაზე საუბრობს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მასაც, სხვების მსგავსად, ეჭვი შეაქვს იმ სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობაში, რომელიც, სავარაუდოდ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ღამით ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და 112-ის ოპერატორს შორის შედგა.
"პირველ რიგში, მე მეპარება ეჭვი ამ ჩანაწერის ავთენტურობაში, იმიტომ რომ ვიცნობ საქმის მასალებს და ვიცი ფაქტობრივი გარემოებები რამდენად რელევანტურია", - ამბობს კობაიძე და დასძენს, რომ ზემოხსნებული სატელეფონო ჩანაწერის გარდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს გაასაჯაროვა, ყველა 112-ში შემავალი ზარი იწყება საუბრით - 1 1 2 გისმენთ.
რატომ არის, რომ ამ შემთხვევაში დაგლეჯილი სცენარი მოგვაწოდა პროკურატურამ. აჩენს კითხვებს, - ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საპოლიციო მოქმედებებზე საუბრისას, ალექსანდრე კობაიძე ასევე აღნიშნავს, რომ "ამ დრომდე არ არის დადგენილი, პირველი რომელი მივიდა ადგილზე - საპატრულო ეკიპაჟი თუ მცხეთაში არსებული საგამოძიებო ორგანოს მანქანა. ესეც კი არ არის დადგენილი.“
ამ გარემოებების გათვალისწინებით უფლებადაცველს უჩნდება კითხვები -
"რატომ არის საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, მსგავსი ლაფსუსები საგამოძიებო კუთხით, ანუ რით არის განპირობებული, ეს არის არაპროფესიონალიზმი თუ შეგნებულად ხდება აღნიშნული მტკიცებულებების ფალსფიკაცია?"
ალექსანდრე კობაიძემ ამავე გადაცემაში სხვა სახის საგამოძიებო შეუსაბამობებზეც ისაუბრა, მათ შორის ხანდაზმულობის გამო საქმეში არარსებულ ვიდეო მტკიცებულებებზე.