ოცნების მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ დაკარგა 15 მილიარდი ლარი. რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე იქნებოდა ორჯერ უფრო მდიდარი - მელია

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ენმ-ში პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას თავის ჯიბეზე, რადგან მთავრობის განცხადებები მხოლოდ პოპულისტურია.

მელიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებები არის ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრა.

"ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას.

რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, 10 %-ზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა, 5%-ია და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა.
 
რას ნიშნავს ეს - შეიძლება გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული, ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს.
 
ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10 %-იანი ზრდით და ამ დროს, აქვე, ჩვენს მეზობელ სომხეთში, წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 13 პროცენტი. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს და მათ ედრება და რატომღაც, მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში.
 
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელს ევროპას და ამერიკას შურდაო. ისეთი სურათი დახატა, თითქოს მთელი  მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდეს. ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს.
 
გარდა ამისა, ეს არის ტიპიური მანიპულაცია და აი  რატომ:
 
მშპ-ის ერთი პროცენტით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით.
 
ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს და გვეუბნება, რომ სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც სინამდვილეში რაში აისახება?
 
2015 წელს ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იყო 390 ათასი ადამიანი, 2021 წლის ბოლოს 660 ათასი. მხოლოდ  6 წელიწადში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 270 000 ით გაიზარდა.

NDI-ს უკანასკნელი კვლევით საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისათვის საჭირო საკვების საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს.

 2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი. 

ე.ი ქართული ოცნების მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით,  რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა “ოცნების” პერიოდში  იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი.

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით   გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა.  ფაქტობრივად,  ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი.
 
და თუ კი ნომინალური მშპ-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაახლოებით 40 მილიარდი დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას.
 
რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი, არამედ ბევრი ჩვენი თანამემამულე დაბრუნდებოდა უკან და არც სახელმწიფო ვალი გაიზრდებოდა ამ ზომით.
 
ეკონომიკა რომ გაზრდილიყო საშუალოდ წლიურად 6,24 პროცენტით რომ გაზრდილიყო მაშინ დღეს: საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18 ათასი ლარი ნაცვლად 11 ათასისა).
 
საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, არამედ 1500 ლარი.
 
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაში არ იქნებოდა დარეგისტრირებული ყოველი მესამე და 660  ათასი ადამიანის ერთადერთი შემოსავალი არ იქნებოდა სახელმწიფო სოციალური დახმარება.
 
ქვეყანაში გაჩნდებოდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რადგან რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტს ხარჯავს და შესაბამისად გაიზრდებოდა მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მისცემდა ყველას, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან დამთავრებული სხვა დარგებით.
 
და ბოლოს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ მინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულები არიან ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება.
 
სწორედ ამიტომ ტოვებს ქვეყანას საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე, იმიტომ რომ მათ უნდათ ღირსეული აწმყო და ღირსეული მომავალი, უნდათ არჩევანის თავისუფლება, უნდათ განათლება, უნდათ შემოსავალი და უნდათ უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომ, არ გვაქვს დასაკარგი დრო! რუსული ოცნების ხელისუფლების ყოველი დღე, არის არა მხოლოდ სტაგნაცია, არამედ უკუსვლა, არა მხოლოდ ცუდი აწმყო, არამედ უარესი მომავალი.
 
სწორედ ამიტომ უნდა ვიმოძრაოთ წინ, ცვლილებებისაკენ!"- აღნიშნა მელიამ. 

9 თვეში, საქართველოში არის 10.2% ეკონომიკურ ზრდა, უპრეცედენტო მთელ ევროპაში - ამტკიცებს ღარიბაშვილი. მან ეს განცხადება გუშინდელი მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი