"ნაპოლის" ქართულ სენსაციას "კვარადონა" დაერქვა" | CNN-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე

გამოქვეყნდა:

"როცა უყურებენ კვარას, ხედავენ მარადონას" -  ამერიკული გამოცემა CNN ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "ნაპოლის" ქართულ სენსაციას "კვარადონა" დაერქვა.

გამოცემა წერს, რომ ნაპოლი ყოველთვის იყო გატაცებული შემტევი მოთამაშეებით, ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბს შემადგენლობაში იყვნენ დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე, რამდენიმე წლით ადრე კი მარეკ ჰამშიკი და ეზეკიელ ლავესი, თუმცა "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის ისეთი პოპულარული და საყვარელი არავინ ყოფილა, როგორიც მარადონა.

"ნაპოლის" გულშემატკივრების მიერ [კვარაცხელიას] "მარადონასთან შედარება უკავშირდება იმედს, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომელიც მარადონამ მოიტანა. მარადონას მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია A-ს მესამე ტიტული "ნაპოლისთვის" მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, "ნაპოლიში" ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი ხმაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ"  - წერია სტატიაში.

გამოცემასთან საუბრისას Total Italian Football-ის ჟურნალისტი ეუან ბერნსი ამბობს, რომ "ნაპოლის" გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელიას არ შესწევდა საკმარისი ძალა, რომ გუნდის არსებული დანაკლისი შეევსო, თუმცა "კვარაცხელიამ 77-ნომრიანი მაისური მოირგო და იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მისგან ელოდნენ".

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა შტურმით აიღო და 21 წლის  ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლისთვის" შეტევის მარცხენა ფლანგზე მამოძრავებელი ძალა გახდა.

გამოცემას არ გამორჩენია არც კვარას სამშობლო. წერს, რომ "როდესაც ნაპოლი თამაშობს, მატჩების დღეებში, საქართველოში დიდი დღეა. საქართველოს ნაკრების თამაშზე სწორედ ის ხალხი მიდის, ვისაც ფეხბურთი აქამდე არ უყვარდა, გარდა ამისა ქალაქებში კვარას მაისურებში ძალიან ბევრ ადამიანს ნახავთ: ან ნაპოლის მაისურებში, ან საქართველოს ნაკრების". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი