
გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ირანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია მათი დაპატიმრების რისკი - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მთავრობამ გააფრთხილა, რომ ორმაგი მოქალაქეები განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან.
"გერმანიის მოქალაქეებს ვთხოვთ დატოვონ ირანი. არსებობს თვითნებურად დაკავების, დაკითხვისა და ხანგრძლივი პატიმრობის მისჯის რისკი. უპირველეს ყოვლისა, რისკის ქვეშ არიან ორმაგი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ირანისა და გერმანიის მოქალაქეობა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანი უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და აწვდის მას დრონებს, რომელსაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
Cnn-ის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს.