ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ცოტა დრო რჩება და ეს დრო ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შეუსრულებლობას ევროპელი დეპუტატები მკაცრად გააკონტროლებენ, რაც ნიშნავს, რომ ოლიგარქს კიდევ ერთი გადაგდება აღარ გამოუვა და იძულებული გახდება, "მთავარი არხის" ერთერთი თანამფლობელი გიორგი რურუა ციხიდან გამოუშვას.
პოლიტიკოსების თქმით, ეს გზავნილები განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატაროს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ არაფერს ნიშნავს ის, რომ ტექსტში გიორგი რურუას სახელი პირდაპირ არ არის ნახსენები, ამისთვის საკმარისია 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე მითითებაც.
დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ხელისუფლებს, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება სრულად, ანუ პრაქტიკულად მოუწოდებს, რომ გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, რადგან დღეს ეს რჩება შეთანხმების ერთადერთი შეუსრულებელ პირობად, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი ერთი მხრივ, ევროპის მხრიდან საქართველოსადმი მხარდამჭერის გამომხატველია, მეორე მხრივ კი ის ნათელს ხდის, რომ ქვეყნის ხელისუფლების გატარებული პოლიტიკა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს არის ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელსაც მთავრობის მხრიდან თუ ისეთი რეაგირება იქნება, რომ ევროპელი დეპუტატები მოსყიდულები არიან, შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო მკაცრი შინაარსის მქონე დოკუმენტი იქნება.
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი მობილიზებულად და ორკესტრირებულად უყენებს საქართველოს მთავრობას თავის პირობებს.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე განცხადება გააკეთა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ქვეყანაში იყოს დემოკრატია.
ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ის შეიცავს როგორც დემოკრატიული თავისუფლების, ისე წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედების კანონიერ ასპექტებს. ყურადღებით ვაკვირდებით მის შესრულებას, - განაცხადა მან.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მონაწილეობა მიიღოს 8 მარტის შეთანხმების საბოლოო იმპლემენტაციაში.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე, რომლის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს ეყარა კენჭი.