საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთპიროვნულ უფლებას 31 იანვრამდე იგრძელებს - მმართველი პარტიის კიდევ ერთი არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დღეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი. მმართველი პარტიისთვის ამ ნაბიჯის ოფიციალური მიზეზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა, თუმცა ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების უკან, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის საარჩვენო, პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.
ამ ცვლილებების მიხედვით 15 ივლისიდან 31 იანვრის ჩათვლით მთავრობას უფლება ექნება, პარლამენტის გვერდის ავლით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე შემოიღოს რიგი შეზღუდვები."ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მსგავსი უფლებების მთავრობაზე დელეგირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ისეთი დონის იურიდიული ნონსენსია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავაც კი ვერ "გაუპრავებს".
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გაუგებარია, რატომ იმუქრება მთავრობა მეორე ტალღით და თუ მეორე ტალღა მართლაც მოსალოდნელია, მაშინ რატომ ხსნიან ყველაფერს. კობერიძეც ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორია ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ოპოზიციის საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი ოპონენტების შენიშვნები უსაფუძვლოა და ხელისუფლებას ეს კანონპროექტი მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვით არის განპირობებული.
ჩვენმა ექიმებმა შემოიტანეს კანონპროექტი მისი ვადის გაგრძელების თაობაზე და ეს ვადა დავაწესეთ, რომ შემდეგმა პარლამენტმაც საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროება დადგა, - აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, თუ კორონავირუსის მეორე, უფრო მძლავრი ტალღა დაიწყო, საგანგებო შეზღუდვების შემოღებისთვის დროის დაკარგვა არ უნდა გახდეს საჭირო.
ჯანდაცვის ცვლილბების კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, შესაბამისად, უმრავლესობას ოპოზიციის ან დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე შეეძლება ამ კანონის მიღება.