რას უპასუხებს "ოცნება" პარტნიორ პარტიას, რომ მათ სიტყვას ევროპარლამენტში "ჩალის ფასი აქვს?" | "ლელოს" განცხადება

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ქართული ოცნების” პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ევროკავშირში გაწევიანებაზე ჩვენი ქვეყნის შანსებს.

"ლელო" ამბობს, რომ საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის, თუ არა, მაგალითად სოციალისტურ პარტიას, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში "ჩალის ფასი აქვს”.

"პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, რომლის ნათელი მაგალითი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეა, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს.

ევროპარლამენტის ანგარიში ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების” შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია.

დოკუმენტის ტექსტი და შესწორებები მიღებულ იქნა სრული პოლიტიკური კონსენსუსით, მას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა. მათ შორის, ,,სოციალისტური პარტია”, რომლის წევრიც გახლავთ ,,ქართული ოცნება" და სწორედ ,,სოციალისტური პარტიის” წარმომადგენელი - სვენ მიქსერი იყო ზემოაღნიშნულ საკითხზე მთავარი მომხსენებელი.

დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა.
დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოზეც.

ანგარიშმა ცხადჰყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ,,ლელო”-ს სწორი პოზიცია.

ნიკა გვარამიას, ,,ტვ პირველის” და ,,ფორმულას” დამფუძნებლების საქმეები ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები. იმედი გვაქვს, რომ ზემოაღნიშნულს პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენებაზე ჩვენი მიმართვის განხილვისას.

"ლელო"-ს პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში და აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის ავტორი ,,სოციალისტური პარტია” ,,ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა. ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს.

სისულელეა "ქართული ოცნების" განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპლარმენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება. მაგალითად, თუ სოციალისტები ევროპარლამენტში თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვლი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ესტებლიშმენტის მოსაზრება.

საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის, თუ არა, მაგალითად სოციალისტურ პარტიას, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში "ჩალის ფასი აქვს".

"ლელო"-ს სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსებს.

პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიუილი მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი