მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, ივანიშვილის გავლენის შემცირება - მთავარი პოლიტიკური მოთხოვნები ევროკავშირის ანგარიშში ოფიციალურად დაფიქსირდა. სულ რაღაც ერთი საათის წინ საგარეო კომიტეტმა ბრიუსელში ფაქტობრივად ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საბოლოო სახეს რეზოლუცია ათ დღეში მიიღებს, როდესაც მას კენჭს უყრიან სტრასბურგში შეკრებილი ევროპარლამენტარები. თუმცა ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ფაქტობრივ ოლიგარქსა და პოლიტპატიმრებს ეხება, დიდი ალბათობით აღარ შეიცვლება.
უმაღლესი რანგის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე მუშაობენ, პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას მკურნალობის შესაძლებლობა. რომ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების წინააღმდეგ და რომ, ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე უნდა შემცირდეს.
რა წერია ევროპარლამენტის კომპრომისულ რეზოლუციაში
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
156-ე შესწორებაში, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით, ნათქვამია, რომ უნდა „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი იხსენებს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასა და სხვა მედიასაშუალებების, "ფორმულასა" და TV პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც.
ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრა, კერძოდ დროის შერჩევისა და ბრალდებების კუთხით, - ნათქვამია შესწორებაში.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კი შესწორებების ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ"
ევროპარლამენტი ასევ იძლევა რეკომენდაციას,"მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე".
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
ევროპარლამენტის რეკომენდაციით, უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადამეტებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სისტემური გზით და სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, - ნათქვამია შესწორებებში.