
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების მოთხოვნას ეხმაურება პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე და ამბობს, რომ არჩევნები აუცილებლად იქნება, მაგრამ ამ დროისათვის პარტიას სხვა პრიორიტეტები აქვს. ასეთად დოლიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებსა და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ასახელებს.
ბაჩო დოლიძის თქმითვე, შიდა არჩევნების საჭიროებაზე ღია განცხადებების გაკეთებამდე, მოთხოვნები პარტიის შიგნით არ გაჟღერებულა.
"ფოკუსი ჩვენი დღეს არის მიხეილ სააკაშვილთან არსებული მდგომარეობა, იცით, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო, სადაც იქნება მსჯელობა მის გადაყვანასთან დაკავშირებით, ამ დროს პარტიის თავმჯდომარის პოსტსა და სხვა პარტიულ თანამდებობებზე ლაპარაკი, არ ვიცი, ყველას გადასაწყვეტია - ვინ რა დროს ირჩევს ამ ყველაფრის, თუმცაღა არჩევნები აუცილებლად იქნება, შიდა. აუცილებლად იქნება. შესაბამისად, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება პარტიაში საუბარი. ისიც არის ცოტა გასაკვირი, რომ მსგავსი ტიპის პოზიციები და მოწოდებები პირველ რიგში ჯერ უნდა ყოფილიყო პარტიაში შიგნით და მერე გასულიყო საჯაროდ" - თქვა ბაჩო დოლიძემ.
ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნით, პარტიის წევრების ნაწილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.