ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს, არც გავიხილავ - დეკანოიძე ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. როგორც დეკანოიძე ენმ-ში მიმდინარე შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობს, პარტიაში არჩევნების თემაზე საუბარი ყოფილა და თავად ნიკა მელიას ინიციატივითვე, თუმცა შეუთანხმებლობა იყო ვადებზე. 

ხატია დეკანოიძის თქმით, მისი უპირველესი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის საქმეა:

"არა, არ განვიხილავ. არ ყოფილა საუბარი. მე არ ვარ ადამიანი ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი საზრუნავი . 

არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს, არც გავიხილავ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს" ამბობს ხატია დეკანოიძე

მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამავე დროს, დეკანოიძე ამბობს, რომ მსურველმა პარტიას უნდა შესთავაზოს კონკრეტული გეგმა, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ ტრანსფერს ქვეყნიდან.

ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა. 

ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.

თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ  ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი