დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შესაბამისად, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კანონს ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და პარლამენტარებს მოუწოდებენ, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. დამოუკიდებელი დეპუტატები ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როდის იყო, რომ "ოცნება" პატივს სცემდა კანონებს და კონსტიტუციას, მათთვის მთავარია ნებისმიერი ბერკეტის ხელში ჩაგდება, რომელიც შესაძლებელია შემდეგ დასჭირდეთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხორშტარია მიიჩნევს, რომ ამ კანონის მისაღებად კოვიდთან ბრძოლის მომიზეზება სრული სპეკულაციაა.
ეს კანონი სრულიად არღვევს ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის და პრაქტიკულად იღებენ კანონს, რომ პარლამენტის გარეშე მთავრობამ რაც უნდა, ის გააკეთოს. ამას ჰქვია, ამ საკითხში, პარლამენტის გაუქმება, - აცხადებს იგი.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო სესიაზე ამ წუთებში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ აფიორას უწოდებს.
გამარტივებულ პროცედურაში გაიყვანო, ერთი მოსმენით გაიტანო კანონპროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ ვადის გადაწევა, ეს ეხება კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საკითხს. ვდგებით იმის წინაშე, რომ ძალიან სახიფათო ანტიკონსტიტუციური კანონი ამოქმედდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, - აცხადებს ეკა ბესელია.
ხელისუფლების წევრები ოპოზიციის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა დაიწყოს პანდემიის მეორე ტალღა და ამისთვის ხელისუფლება უნდა იყოს მზად. მსგავსი ცვლილებების დაწესება სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მოსამზადებლად არის საჭირო. მათი თქმით, თუ კორონა ვირუსის მეორე ტალღა დასჭირდება, ხელისუფლებას შეზღუდვების შემოღებაზე დროის დაკარგვა არ უნდა დასჭირდეს.
ჯანდაცვის შესახებ კანონის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ცვლილებების კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, შესაბამისად, უმრავლესობას ოპოზიციის ან დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე შეეძლება ამ კანონის მიღება.