
ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ქვეყანაში დაძაბული ვითარება გრძელდება.
კერძოდ, რუსულ გამოცემა "სირენას" ცნობით, ცუდი პირობების გამო აღშფოთების შემდეგ, კურსკის ოლქის მობილიზებული პერსონალის ცოლებმა ხელისუფლებას ქმრების დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედრო ჩინოვნიკებმა პერსონალის ნაწილი სახლში გაგზავნეს, ხოლო დარჩენილი მობილიზებული პერსონალის ცოლები მოსკოვში გამგზავრებასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აუდიენციის მოთხოვნას აპირებენ.
გარდა ამისა, რუსული გამოცემა "ასტრა" წერს, რომ ზაიცევეში, ლუგანსკის ოლქში, ბრძოლაზე უარის თქმის გამო დაკავებული მობილიზებული პირების ნათესავები უკრაინის დასახლებაში ჩავიდნენ და რუს სამხედროებს მათი ნახვის თხოვნით მიმართეს.
ასევე რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები წერენ, რომ ბელგოროდის ოლქის მობილიზებული პერსონალის ნათესავებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მობილიზაციისთვის გადახდილი თანხა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ამას რუსეთის ოფიციალური პირები მათ დაჰპირდნენ.
ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე, ISW-ის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთში სოციალური დაძაბულობა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება და გაიზრდება, რადგან რუსი ოფიციალური პირები ვერ შეასრულებენ ფინანსურ დაპირებებს, რომლებიც მათ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს გასცეს, მობილიზებული პერსონალი კი კვლავ განიცდის მნიშვნელოვან ზარალს უკრაინაში ფრონტის პოზიციებზე.
ამავე თემაზე: