საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ბრაიზა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, მისი რუსეთისგან დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განამტკიცებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ჩემი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უფრო ძლიერია მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს რეფორმებს, დაცული და დამოუკიდებელია რუსეთისგან, - თქვა მან.
"ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას, რის თანახმადაც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგია, ამერიკელი დიპლომატი უადგილოდ მიიჩნევს.
ვაშინგტონი ლობისტების ადგილია. ამერიკაში ეს სისტემა მუშაობს და როდესაც თქვენი ხელისუფლება ოპოზიციას აკრიტიკებს ლობისტების წარმატებით გამოყენებაში, მთავრობა თავის მხრივ უნდა ეცადოს, რომ იგივე გააკეთოს. როგორც ვიცი, მათაც ჰყავთ თავისი ლობისტები დაქირავებული. გარდა ამისა, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, პირდაპირი კონტაქტები აქვს აღმასრულებელ შტოსთან და კონგრესთან. ეს მთავრობის უპირატესობაა. წესით, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი, - განმარტა ბრაიზამ.
დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხეც. ბრაიზას აზრით, თავის დროზე, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა ალიანსის სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ, კრემლის სასარგებლოდ იმოქმედა.
საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი, ასე ვფიქრობ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. მაშინ საქართველო სულ არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ დანამდვილებით უნდა მიენიჭებინათ მისთვის სამოქმედო გეგმა - MAP-ი. მაშინ სრულიად პათეტიკური ფორმულირებით ითქვა შემდეგი - რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ არა ახლა. ეს პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო... ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, როცა ძალიან მკაფიოდ არ ითქვა, რომ საქართველო გახდება წევრი ქვეყანა, - აღნიშნა ბრაიზამ "მთავართან" ინტერვიუში.