თაღლითობა თუ სისტემის მსხვერპლი. „მელაძე“, „მელაძის ინტერიერი„ ან „რემონტი მელაძესთან ერთად" - ამ სათაურით დასპონსორებული ვიდეოები სოციალურ ქსელში ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ. "მელაძის ინტერიერს" - რომელიც ავეჯის დამზადების ცნობილი ქართულ კომპანიაა, დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. მის დამფუძნებელ ვაჟა მელაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. პროკურატურამ საქმეზე ბრალი 3 პირს წარუდგინა; თვითონ ვაჟა მელაძესა და მის მეუღლეს ლელა ქვილითაიას და "შპს მელაძე 2021“-ის დირექტორს, როლანდ ლუკაშვილს.
მელაძემ და მისი მეუღლემ აკრძალვის მიუხედავად საქართველო დატოვეს, ამიტომ მათზე ძებნა გამოცხადდა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეში 47 დაზარალებული ფიგურირებს, მათ მიმართ მიყენებული ზიანი 700 ათას ლარზე მეტია. „მელაძე ინტერიერით“ დაზარალებულები ყვებიან, რომ ისინი თანხას რიცხავდნენ, თუმცა შეკვეთილი ავეჯი მათთან არავის მიჰქონდა. საქმის მთავარი ბრალდებული ვაჟა მელაძე კომპანიის დირექტორებისკენ იშვერს ხელს, კომპანიის დირექტორები კი პირიქით.
მელაძეს დიდი ალბათობით ბრალი კიდევ დაუმძიმდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მომხმარებლებთან პერსონალური მიმოწერა და მათი პირადი მონაცემები გაავრცელა. გამოძიება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და სოციალური ქსელში გავრცელების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.