"ოფიციალური დასკვნა ამბობს, რომ სახლების დანგრევის მიზეზი არის მეწყერი და თუ მოსახლეობას რაიმე პრეტენზია აქვს ამ კუთხით, შეუძლიათ მიმართონ დამოუკიდებელ ექსპერტს," - ასე უპასუხა ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ ადგილობრივ მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს.
ჭიათურის მერის ინფორმაციით, იგი მზად არის შეკრებილ ადამიანებს შეხვდეს, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეს არ მოუთხოვიათ.
"მოსახლეობა შეიკრიბა აქ, მაგრამ არავის არ მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა. როგორც კი მოითხოვენ ამას, პირველ რიგში ჩვენ დავხვდებით ადგილზე და იმ წუთას ჩავალ მე მათთან. მეწყერი სტიქიური უბედურებაა, რა გამომწვევი მიზეზები აქვს მას, ეს სხვა საკითხია. სტიქიური უბედურება მოხდა აპრილის თვეში და ჭიათურის მერია იმ დღიდანვე ჩართული იყო პროცესში," - განაცხადა გივი მოდებაძემ.
ჭიათურის მერიასთან დღეს ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც 2022 წლის აპრილის თვეში სტიქიური უბედურების შედეგად სახლები დაენგრათ. ისინი აღნიშნულს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ. ადგილობრივები ჭიათურის მერიისგან დახმარებას ითხოვენ.
იხილეთ ასევე: