ჩემზე არაა დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა - კალაძე მეტრო "ახმეტელზე"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობენ.

მისი თქმით, პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურაა.

"დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით - ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი გულისხმობს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთებას, რომელსაც „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზე ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს კალაძემ თქვა, რომ მეტრო სადგურებში "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი" ახალი "ტურნიკეტები" დამონტაჟდება. მაშინ მერმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი