
ირანმა 16 ნოემბრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე საფრანგეთის დაზვერვის აგენტები დააკავა, - ამის შესახებ განცხადება ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა გააკეთა, რომელსაც EURONEWS ავრცელებს.
"არეულობის დროს სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები დავაკავეთ, მათ შორის ისინი, ვინც დიდი როლი ითამაშეს პროტესტის გაღვივებაში. დაკავებულებს შორის საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის ელემენტებიც მოხვდნენ, რომლებსაც კანონის შესაბამისად მივხედავთ," - განაცხადა ირანის შს მინისტრმა.
მომხდართან დაკავშირებით ფრანგულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 16 იანვრის ღამეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ უშიშროების ძალების თანამშრომლები და 9 წლის ბიჭიც.
საპროტესტო ტალღა ირანში უკვე რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს. მოსახლეობის გაბრაზება 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" 16 სექტემბერს დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა გოგოზე ფიზიკურად იძალადეს, იგი მიღებული დაზიანებების გამო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე ირანში საპროტესტო აქციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.