
პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ინტერპელაციით პარლამენტში უსმენენ, გიორგი ვაშაძეს ფარისეველი უწოდა მის გამოსვლას კი სიყალბე. ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ტრადიციულად ოპოზიციაზე თავდასხმით დაიწყო და ჩამოთვალა ის გვარები, ვინც ის დღეს პარლამენტში დაიბარა და საბოტაჟსა და დესტრუქციაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა სია ამოიკითხა ვინ ესწრებოდა და ვინ არა 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით "ოცნების" მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფების სხდომებს და ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ უწოდა "ფარისევლები".
"მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ ბატონო გიორგი- თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის სიყალბე, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ჩაიდინეთ. თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, დეპუტატებს, ჩვენ ყველას. მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით." თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ ის 2012 წლამდე პერიოდს მიუბრუნდა და "დიქტატორული რეჟიმი" უწოდა , რომელიც მისი თქმით, "ივანიშვილმა დაამსხვრია". ღარიბაშვილის მტკიცებით, ამის შემდეგ სწორედ "ოცნებამ" გადადგა ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.
"მთავარი ჩვენი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოსცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა." აცხადებს ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე: