ძალადობისა და აგრესიის რომანტიზება - ასე შეაფასეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ "ვაჟკაცობა [მან] იცის ერთი ერთზე, ტრადიციულად". სალომე ზურაბიშვილმა დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის მიმართ ინტერესიც დაუწუნა და თქვა, რომ საქმე გამომძიებლებმა უნდა გამოიძიონ. სამოქალაქო სექტორი კი პრეზიდენტს ახსენებს, რომ სწორედ საზოგადოების აქტიურობა და ჟურნალისტური გამოძიებები ხსნის მსგავს რეზონანსულ საქმეებს, მათ შორის, შემდგარ დემოკრატიებშიც კი.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ როდესაც საქმე ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს და ქვეყანაში დაძაბული გარემოა, მაღალი თანამდებობის პირებს და განსაკუთრებით პრეზიდენტს, ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისას მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ.
ერთი ერთზე იქნება ეს, თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალაადობაა და კრიმინალია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში, - ამბობს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველისვე თქმით, შესაცვლელია საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა, რომ რაიმე სახის ძალადობა მისაღებია.
მმართველ გუნდში კი გაუჭირდათ ახსნა, რას გულისხმობდა თავის ნათქვამში სალომე ზურაბიშვილი; მათმა ნაწილმა ახსნა-განმარტებზე უარი თქვა, მიზეზად კი თქვეს, რომ არც კი მოუსმენიათ და არ იციან რა განცხადებაზე იყო საუბარი.უმრავლესობის წარმომადგენელთა მეორე ნაწილმა კი, კონტექსტის ცოდნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. თუმცა, ისინიც, სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ამბობენ, რომ ძალადობა ნებისმიერი სახით მიუღებელია.
ოპოზიციის წარმომადგენელთათვის კი, იმის მიუხედავად, რომ მათი თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალისებს კრიმინალსა და ძალადობას, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ზურაბიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პრეზიდენტი და წარმოადგენს ქვეყანას, ისიც არ იცის, რომ გვიწევს განმარტება, რომ ერთი-ერთზე ძალადობაც დანაშაულია და არის ძალადობის წახალისება, რაც მის განცხადებაში იკითხება. არ მიკვირს, რადგან ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკური კონიუნტქტურის, ოლიგაქიული კონიუნქტურის ნაწილი, რომლებმაც 8 წლის მანძილზე წაახალისეს ძალადობა, ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საჯარო ფიგურისგან მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთება. მისივე თქმით, ძალადობირივი კლიმატი ქვეყანაში იმიტომ არის შექმნილი, რომ "კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ".