გამოცდილება და პროფესიონალიზმი - სწორედ ამ თვისებებს ასახელებენ მმართველ გუნდში მთავარ მიზეზად, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ჩააბარა. ოპონენტები კი, ამ გადაწყვეტილების მიზეზად, ივანიშვილისადმი მის უსიტყვო მორჩილებასა და ერთგულებას ასახელებენ.
თავად კობახიძეც აცხადებს, რომ მას წინასაარჩევნო პროცესის წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს და შტაბის ხელმძღვანელად მისი შერჩევაც, სწორედ ამას უკავშირდება. მისი თქმით, მმართველ გუნდში თითქმის ბოლომდე ჩამოყალიბებულია პარტიული და მაჟორიტარული სიების ფორმირება და საზოგადოება ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაიგებს.
კითხვაზე, იქნება თუ არა თავად ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, კობახიძემ პასუხობს, რომ იგი ისედაც პირველი ნომერი და პარტიის თავმჯდომარეა.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს მისი გადასაწყვეტია, ის არის პირველი ნომერი პარტიაში, პარტიის თავმჯდომარე და თუ ის გადაწყვეტს ასეთ რაიმეს, ბუნებრივია, ის იქნება პირველი ნომერი - ამბობს კობახიძე.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძის ცოდნა არის სპეციფიური და მისი კანდიდატურაც შტაბის ხელმძღვანელად არის უალტერნატივო.
თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზეა.
პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც, ვინაიდან ისიც პოლიტიკის ნაწილია, და პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, - აცხადებს იგი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე აირჩიეს საარჩევნო შტაბის ხელმძვანელად. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.