81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში
ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება
ექნებათ.
კანონპროექტის მიხედვით, კომპანიაში სპეციალური მმართველი იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
ცნობილია, რომ დროებით მმართველს არ ექნება წილების გასხვისების უფლება და მას კომუნიკაციების კომისია სასამართლო კონტროლის გარეშე ვერ დანიშნავს.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მედიაორგანიზაციებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა. მას საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.