ძალადობისა და აგრესიის რომანტიზება - ასე შეაფასეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ "ვაჟკაცობა მან იცის ერთი-ერთზე, ტრადიციულად".
სალომე ზურაბიშვილის ვაჟკაცობის ფორმულა 21-ე საუკუნეში, როდესაც ირგვლივ ისედაც მუდმივი სტრესი და აგრესიაა, კოტე ყუბანეიშვილისთვის სრულიად გაუგებარია. პრეზიდენტის ლექსიკა და სიტვათა წყობა, რომელიც ხშირად არაერთი სკანდალის მიზეზი გამხდარა, პოეტისთვის მეორეხარისხოვანია. ყუბანეიშვილისთვის ეს ხელისუფლება უკვე ცარიელი ადგილია, რომელიც ოკუპანტს ვერ ებრძვის და საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირდება.
ქვეყნის მთავარსარდალი ასეთ მოწოდებებს არ უნდა აკეთებდეს და 19 წლის ბიჭის სასტიკი მკველელობისა და ტრაგიკული სიკვდილის ფონზე, ვითარების განმუხტვას უნდა ცდილობდეს და საზოგადოებაში ისედაც ხელახალ წამოტივტივებულ სტრეოტიპებს არ უნდა ამყარებდეს.
"მე ვიცი ვაჟკაცობა ერთი ერთზე"- სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომელიც დღეს საზოგადოებამ ძალადობის წახალისებად აღიქვა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ გააკეთა. პრეზიდენტმა მედიაც გააკრიტიკა, რომელიც ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღებით იკვლევს.
"ამ ტიპის განცხადებებით კრიმინალის რომანტიზება ხდება" - სახალხო დაცველი იყო პირველი, რომელსაც პრეზიდენტის განცხადების პათოსი არ მოეწონა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებამ დღეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მმართველი გუნდიც. რისი თქმა უნდოდა პრეზიდნეტს - ამის ახნა დღეს "ოცნების" აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოსაც გაუჭირდა.
კრიმინალს გაგებით მოეკიდეთ, ძალადობა "ქართული ოცნების" ხელუფლების ბაზისი გახდა - პრეზიდენტის განცხადებაც "ოცნების" პოლიტიკის ბუნებრივი შემდგენელია - ამბობენ ოპოზიციის წევრები და აგრესიული გარემოს შექმნაზე პასუხიმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც სალომე ზურაბიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება. ასე იყო ჯარის შემთხვევაში, დავით გარეჯთან დაკავშირებითაც.