
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება.
საუბარია კანონზე, რომლის ანალოგიც "ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა, კანონის ინიციატორებმა კი უკრაინის პროექტთან მსგავსების გამო, ის ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ისინი კომისიიდან უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებიან.
თუმცა ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ვენეციის კომისიაში უკრაინული კანონი არ განიხილება. ვაშაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" კანონს ვენეციის კომისიაში არ გადააგზავნის, ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა იქნება.
"ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე არანაირ დასკვნას არ ელოდება, უფრო მეტიც, წელიწადი და ერთი თვის წინ იყო გადაგზავნილი და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან უკრაინასთან მიმართებაში, ამ კანონზე დასკვნის მიცემა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამიტომ თავისთავად, ის ტყუილი, რა ტყუილშიც შევიდა ქართული ოცნება, მანაც უკვე დაამთავრა თავისი არსებობა.
მივმართავ კობახიძეს, რომელიც ამ პრორუსული პარტიის თავმჯდომარეა, ირაკლი, ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში, ან არ აგზავნი კანონს, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც და აშშ-ს ელჩმაც.
"ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღო.