
"პირველად გვესმის, რომ აღნიშნული კანონპროექტის გამოწვევა მოხდა. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არც პირად და არც საჯარო საუბრებში არ განუცხადებია," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიეს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დაინტერესდება რატომ გამოიწვია უკრაინულმა მხარემ კანონი და ამის შემდეგ გადადგამენ საპასუხო ნაბიჯებს.
"ჩვენ დავინტერესდებით იმ მიზეზებით, თუ კი ეს მართლა მოხდა, რის საფუძველზეც მოხდა კანონის გამოწვევა და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მორიგი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ჩვენ გვახსოვს ევროპელი ლიდერების დადებით შეფასებები უკრაინის კანონის მიმართ. შესაბამისად, ის გზა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ იყო ერთადერთი სწორი და არგუმენტირებული", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც უკრაინის მოდელის იდენტურია, 16 ნოემბერს მეორე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის დამტკიცებას მალევე მოჰყვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.