ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი, ნოე მეხრიშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა.

შემთხვევა გუშინ, დღისით, ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ მეხრიშვილს დანა ცივ იარაღად ჩაუთვალა, განყოფილებაში გადაიყვანა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენა. პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული ოქმიც:

"ვიდექი ქალაქ ოზურგეთში, "ვასაძის პურის" შენობის წინ, იქვე ხილბოსტნეულით მოვაჭრემ ვაშლი მაჩუქა, პატარა, მაღაზიაში წლების წინ ნაყიდი დანით, ვინაიდან ასაკის გამო კბილები მაწუხებს, ვაშლს ვთლიდი და მივირთმევდი, ამ დროს ჩემთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა, მითხრა როგორ ვბედავდი ვაშლის ჭამას, სადღაც დარეკა, მოვარდნენ პოლიციელები და სასწრაფოდ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, მითხრეს არაფერია გაგაფრთხილებთო, დამისვეს კითხვები, ბოლოს კი დააყოლეს რომ 200 ლარით მაჯარიმებდნენ და ჯარიმას 10 დღეში თუ არ გადავიხდი უარესი მელოდა. რა არ ვეხვეწე – არ მაქვს ფული, ეს ძველი დანაა, არაფერში არ გამოდგება ვაშლის დაჭრის გარდა მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა", - ყვება პენსიონერი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მეხრიშვილი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს და ჯარიმის გაუქმებას ითხოვს. მისი უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია რატომ არ შემოიფარგლნენ გაფრთხილებით. მისი თქმით, პოლიცია პენსიონერ უკანონოდ მოექცა.

ავტორი: ლადო მენაბდე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი