პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წელს მთავრობას რესურსი 660 მილიონი ლარით ეზრდება, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება. 

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ტურიზმის მიმართულებით 200 მლნ ლარი გამოიყოფა. მისი განცხადებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარების შესახებ პროგრამა უკვე გაკეთებულია.

გარდა ამისა, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა გეგმავს მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში "მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები" ჩამოიყვანოს. ღარიბაშვილის განცხადებით, კონცერტები სტადიონებზე და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება, ამ მიზნით კი 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"ასევე ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი. ესაა ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდება ახალი ბიუჯეტი და დამატებითი რესურსი, რომელიც ჩვენ გამოვნახეთ 660 მლნ ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო, სამინისტროებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის აუცილებლად გასაკეთებელი და დასაფინანსებელი პროექტები და პროგრამები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ჩვენს ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა:

  • თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 170 მლნ ლარი გამოიყოფა;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს 30 მლნ ლარით გაეზრდება ბიუჯეტი;
  • კულტურისა და სპორტის მიმართულებით 55 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ასევე, 2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება და 2 000 ლარი გახდება.

2023 წლის 1 ივლისიდან სოციალური დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 50 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდება. ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ღარიბაშვილის თქმითვე, იწყება დევნილებისთვის ბინების მშენებლობა, რაც 7 000 ოჯახზე იქნება გათვლილი. ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი