
ნიკა მელიას განცხადებას, რომ არ დაუშვებს ენმ-ში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას, მის თანაპარტიელი და კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს და ამბობს, რომ ოთახიდან ნიკა მელია მობილიზაციას ვერ დაგეგმავს. ხაბეიშვილი მოქმედ თავმჯდომარეს მოუწოდებს, თავადაც გავიდეს რაიონებში და შეხვდეს ხალხს.
"არჩევნები თურმე იყო უდროო, არჩევნების დროს ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს, შევხვდი მოქალაქეებს რუსთავში, გორში და ველაპარაკები, ველაპარაკები შიდა არჩევნების გარდა მობილიზაციის დაწყებაზე, ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას ვერ გააკეთებს. ოთახიდან დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები ნიკა მელიასი ჩვენ ვნახეთ, ამიტომ მე ნიკასაც მოვუწოდებ რომ მეტი იაროს რაიონებში.
როდესაც საუბარი კონკრეტულ სიბინძურეებზე, მათ შორის, ახლაც არ გაუკეთებია განცხადება, რომ ფარდას ახდის. ნიკა მელია პარტიის ხელმძღვანელია და ამბობს რომ მისსავე პარტიას ახდის ფარდას. უკაცრავად, მაგრამ მე მგონია, რომ სხვა მტერი გვყავს ჩვენ და მე დაკავებული ვარ ფარდა ავხადო ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას და არა პარტიის შიგნით ვეძებო ვიღაცების პრობლემები" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიასთან ერთად ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ, ასევე არ არის გამორიცხული მათ რიგებს ზურაბ ჭიაბერაშვილიც შეუერთდეს.