მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულების პროცესი დასრულდა და მათ პატიმრობა შეეფარდათ. პროცესს თავად დაკავებულებიც ესწრებოდნენ.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა. მანამდე კი ზაზა რამიშვილმა პროცესი სრულად დახურა.
საქმეზე დაკავებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. მათ ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურორი კი ამბობს, რომ საქმეში მონაზვნის უმძიმესი ჩვენება დევს. მისივე თქმით, დედაომ ამოიცნო ბრალდებულებიც, რომლებმაც მასზე იძალადეს.
"დაზარალებულის ჩვენება არის დეტალური, სადაც იგი აღწერს ძალადობის ფაქტებს, აღწერს ასევე, შემზარავი გაუპატიურების ფატებს. საშინელი ჩვენებაა. ჩვენთვისაც კი რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. ორივე მათგანი, ორივე ბრალდებული დაზარალებულმა ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ამ ფაქტებს უარყოფდა. ყველა ის მტკიცებულება არსებობს და მოპოვებულია, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას. ორივე მათგანს ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც ითვალისწინებს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრება მოუწევთ ციხეში გატარება",- ამბობს დავით ყაზარაშვილი, პროკურორი.
ხაშურის სასამართლოსთან შეკრებილი იყვნენ იმ სოფლის მცხოვრებლებიც, სადაც დედათა მონასტერი მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ იყო ვითარების ესკალაციის მაღალი საფრთხე, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს თანამშრომლები მთელი რეგიონიდან. მათ მრევლი ტერიტორიას განარიდეს, თუმცა მრევლის ნაწილმა სასამართლოს ტერიტორიაზე შეკრება მაინც მოახერხა.
ამავე თემაზე: