
"გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულფასოვანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა", - ასე გამოეხმაურა შემოსავლების სამსახური საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზრდილი ექსპორტი შესაძლოა რუსულ სანქცირებული პროდუქტის შემოდინებას უკავშირდებოდეს.
როგორც უწყება წერს, საქართველო განუხრელად ითვალისწინებს რუსეთთან ეკონომიკურ ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს და ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია რომელსაც შეიძლება ახორციელებდეს სანქცირებული ფიზიკური პირი ან კომპანია, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა.
ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.
ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს.
საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და
არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა“, - წერს შემოსავლების სამსახური.
ცნობისთვის, ჩეხეთის ელჩი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა განმარტა, რომ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაციით გავრცელდა.