
თითქმის 24 საათიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის დუმის თავმჯდომარის "ვიზიტი" შეაფასა და ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 1-ელ დეკემბერს ჩავიდა და "ერთად ყოფნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.