მარნეული დაპირისპირების პირას - ქალაქის ცენტრში, დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ისინი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან, მეუფე გიორგისთან ერთად ითხოვდნენ.
ჩვენმა პატივცემულმა ქალაქის მერმა რომელიც არჩეულია არამარტო აზერბაიჯანელი ჩვენი დების და ძმების მიერ, არამედ ქართველების მიერაც, მას მივეცით ჩვენ ნდობის მანდატი და მან დამოუკიდებლობა, 26 მაისს აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობის დამსამარებელი ნარიმანოვის ძეგლი. ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ღირსების აყრა, ამაზე დიდი ჩვენი წინაპართა სულში ჩაფურთხება მითხარით ხალხო, თუ რამეს ჰქვია, - ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივებმა, მათ შორის მეუფე გიორგიმ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა. 4 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გამოვიდა ინიციატივით, რომ
მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, ერეკლე მეორისა და წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დადგმულიყო.
აქციიდან რამდენიმე მეტრში კი მარნეულის ის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ეწინააღმდეგებიან. ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი ჰყოფდა.
დღევანდელი აქცია იყო ერთგვარი მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლა. ასევე "ქართულ ოცნებასა" და ადგილობრივ ეკლესიას შორის ბრძოლა. ადგილობრივი ეკლესია ცდილობს, თავისი კაცი გაიყვანოს პარლამენტში, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ზუსტად ახლანდელი მერი უნდა მოხვდეს პარლამენტში "ქართული ოცნებიდან". ეს კი ეპისკოპოსს არ მოსწონს. სულ ესაა. მინდა იმასაც შევეხო - ნარიმანოვს ორჯონიკიძეს ნუ ადარებენ. ნარიმანოვი მარნეულელი ხალხის კულტურის ნაწილია. დღეს ეპისკოპოსს მარნეულის ქართულ სოფლებში დიდად კარგად არ ხვდებიან. როგორც ვიცი, ერთ სოფელში შეეწინაღმდეგნენ კიდეც, - ამბობს ყოფილი დეპუტატი აქიფ ჰასანოვი.
ნარიმან ნარიმანოვი 1870 წელს, საქართველოში დაიბადა. დაბადების კონკრეტულ ადგილად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დასახელებულია თბილისი და სოფელი ყიზილაჯლო. ნარიმანოვი საქართველოდან 1891 წელს წავიდა და საცხოვრებლად ჯერ - ბაქოში, ხოლო შემდეგ - მოსკოვში გადავიდა.
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მისი წარსული დიდწილად ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით: