სტიქია კახეთში - დასეტყვილი ვენახები, განადგურებული მოსავალი და დატბორილი სახლები. სტიქიამ ყვარლისა და თელავის 10 სოფელი დააზიანა. ადგილობრივები დიდ ზარალზე საუბრობენ, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია.
ერთადერთი იმედი საზამთროს ბაღები იყო. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსავალი სრულიად გაანადგურა. ვასო წამებულიძეს, ბანკმა საცხოვრებელი სახლი ცოტა ხნის წინ გაუყიდა და სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა, სოფლის მეურნეობისთვის ხელი უფრო სერიოზულად მოეკიდა. ბანკიდან კრედიტი 12 000 ლარი გამოიტანა და ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანავარდოში საზამთროს ბაღი გააშენა. ხვალ, უკვე მოსავლის აღებას აპირებდა, თუმცა სტიქიამ მისი გეგმები სრულად გაანადგურა.
კახეთში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. როგორც მოსახლეობა "მთავარ არხს" უყვება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზარალის შემცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.
ერთადერთი შემოსავლის წყაროს დაკარგვასთან ერთად, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანდათ. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, სახლებს სახურავი აქვს გადახდილი. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი კიდევ ერთ წვიმას ვერ გაუძლებს და სრულად ჩამოინგრევა.
იმ გლეხებს, რომლებსაც ვენახები დაზღვეული არ ჰქონდათ, ანაზღაურება არ შეეხებათ. კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ბოტკოველი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, დახმარება ყველა დაზარალებულს გაუწიოს.
გუბერნატორი კი აპირებს, რომ დახმარების სათხოვნელად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს.