უკრაინის ქალაქ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ერთ-ერთი სამხედრო, გოჩა ხორავა "მთავარ არხს" უყვება, რომ მათ გადმოსვენებაში ყველა ქართველი სამხედროა ჩართული და ფრონტის ხაზიდან დაღუპულებს სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამოიყვანენ.
ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ცხედრების გადმოსაყვანად კორიდორი გაკეთდეს.
"ბავშვები იღუპებიანო და მე აქ რა გამაჩერებსო. ერთხელ ჩამოვიდა იყო სამი თვე და ისინი ურეკავდნენ შენი გამოცდილება გვჭირდებაო, ეს მეომარი იყო აფხაზეთიდან მოყოლებული სამჯერ დაიჭრა იქიდან დაჭრილი გადმოვიყვანეთ ძლივს. ბახმუტთან მიცვალებულები ჯერ ვერ გადმოიყვანეს იქიდან, მოლაპარაკება მიდის და არ ვიცით, ისინიც დაფლეთილები არიან, იმიტომ რომ დაბომბვის შედეგად იყო თუ არის და ამოცნობა ესეც ჯერ არ არის ცნობილი, იმიტომ რომ ადგილამდე მისული ვერ არიან. მიდის მოლაპარაკება კორიდორი თუ მისცეს გადმოსასვენებლად, თუ არადა მერე ბიჭებმა ძალით შევალთო, ესეც არ მინდა სხვისი შვილები დაიღუპონ ამის გადმოსვენების გამო", - თქვა ჯულიეტა ფიჩხაიამ.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე: