
"შემოსული იყო 116 კგ-თი, ახლა არის 73,6... სიცოცხლისთვის საშიშია" - კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექიმებმა მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრეს.
ექიმი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ შეინიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, რაც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია.
"თავიდან შემოსული იყო 116 კილოგრამით, ახლა არის 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ, კლება ძალიან სერიოზულია, და შეიძლება ცალსახად მძიმედ შეფასდეს მისი მდგომარეობა. მე რომ ვაფასებდი მას ერთ-ერთი შკალიტთ მაშინ, 25 ქულაზე მეტი იყო, ახლა ძალიან დაბალო ქულით შეფასდა - ეს კოგნიტიური გაუარესება, მენტალური ფუნქციების აზროვნების ფუნქციების მნიშვნელოვანი გაუარესება. რა თქმა უნდა კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია", - თქვა თენგიზ წულაძემ.
ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.
ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მომდევნო კვირაში ჩაინიშნება.