სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ურჩევს, რომ კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.
ამის შესახებ ლომჯარიამ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში ისაუბრა. მისი აზრით, ხელისუფლების წარმომადგელებს ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ მათ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ურჩევს.
"ნამდვილად ვურჩევ ქალბატონ სალომეს, მას აქვს როგორც პრეზიდენტს, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მოინახულოს პატიმარი, ყოფილი პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ვინც გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს ამ საკითხთან დაკავშირებით და კითხვები აქვს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს, თუნდაც მმართველი პარტიიდან, მათ ვურჩევდი, მოინახულოს პრეზიდენტი.
ასევე, ქალბატონ სალომესაც ვურჩევდი ნამდვილად, რომ შევიდეს და თავისი თვალით ნახოს იქ არსებული მდგომარეობა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, მაინც ვფიქრობ, რომ არ სჯერათ, რომ ეს არის რეალობა და სიმართლე გითხრათ, აღარც ვიცი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ სიტუაციის სერიოზულობაში", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინიცატივით შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმები დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებულია კიდევ ერთი, ამერიკელი ექსპერტის დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.
ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა აქვთ დაყენებული. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემებრს გაიმართება.