თბილისის მერია თავისუფლების მოედანზე, იმ ჯებირების აღებაზე, რომლებზეც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები, სამგლოვიარო ლენტები და ყვავილები იყო დამაგრებული განცხადებას ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ფოტოები დროებით გმირთა მოედანზე გადაიტანა. მერია ისევ ამტკიცებს, რომ ცალკეულ პოლიტიკოსებს მცდელობა აქვთ თბილისელებს წაართვან ახალი წელი.
განცხადებაში წერია, რომ ნაძვის ხისთვის შავი ლენტის შემოვლება და დაღუპული მებრძოლების ფოტოების განთავსება სადღესასწაულო სივრცეში, მორალურ ჩარჩოში არ ჯდება.
"გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა.
ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ", - წერია განცხადებაში.
იხილეთ: