"ჩვენ თავადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი ხელისუფლებას იმაში რისი წადილიც აქვთ, ანუ მაქსიმალურად დროში გაწელონ პროცესი", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის 14 დეკემბრამდე გადაწევას.
ნიკა მელია ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა სხდომის თარიღის შერჩევის დროს და უკმაყოფილება გამოთქვა:
"ახლა ვუსმენდი სხდომათა დარბაზში მყოფ დაცვის მხარის წარმომადგენლებსაც და როდესაც შერჩევა ხდებოდა საქმის მომდევნო თარიღისა, ოთხშაბათ დღეზე, ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის განაცხადა, რომ თითქოს მას სხვა პროცესები აქვს და ამიტომ ამ კონკრეტულ დროს არ ეცალა", - თქვა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ახლა პრიორიტეტული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე:
"სხვადასხვა პროცესებია მესმის, მაგრამ პრიორიტეტული საკითხი არის დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხომ სიმართლეს ვამბობთ ყველა ჩვენგანი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში, ამიტომ, ყველა სხვა საკითხი და ყველა სხვა სასამართლო პროცესი არის მეათეხარისხოვანი...
როდესაც ვსაუბრობთ მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად დღითი დღე, ეხლა იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლო დარბაზებში და შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში თუ არ არის, ჩემთვის პირადად ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანია ოჯახის მყარი პოზიცია, დაცვის მხარის მყარი პოზიცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანი შევთანხმდებით", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს, 9 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.