მოლაპარაკე და მოსიარულე საფრთხე - ასე აფასებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს და მის სკანდალურ განცხადებებს.
ოპონენტები პრეზიდენტს მოუწოდებენ თავი შეიკავოს განცხადებებისა და შეფასებების გაკეთებისგან ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც მაგალითად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და მედია ბულინგში დაადანაშაულა.
ოპოზიციის თქმით, დაუშვებელი განცხადებების ჟურნალისტებზე გადაბრალება, მიუღებელია.
"პრობლემა იმაშია რომ პრეზიდენტი ვერ ხედავს რა გზავნილებს ეუბნება იგი ახალგაზრდებს და რას ასწვალის... ის ასწავლის კრიმინალური ცხოვრების ერთ ერთ ნორმას... ერთი კვირის შემდეგ კვლავ იტყვის სადაც არ უნდა გათხარო, თუ რაღაცა და მერე იტყვის რატო დამცინიანო". - ამბობს "ენმ"-ს წევრი, რომან გოცირიძე.
"ეს ხშირად ხდება პრეზიდენტის შემთხვევაში და მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელია. ერთი ერთზე, შვიდი შვიდზე თუ სამი სამზე, მიუღებელი შედარებებია" - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი.
სჯობს პრეზიდენტი გაჩუმდეს - ამბობს "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძე და ზურაბიშვილს ურჩევს საჯაროობას მოეშვას:
"იჯდეს იმ პრეზიდენტის სასახლეში და გვეცოდინება, რომ გვყავს ანაზღაურებაზე აყვანილი ადამიანი, რომელსაც აქვს ნულოვანი მხარდაჭერა საზოგადოებაში"- ამბობს ვაშაძე.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის მიერ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გაკეთებული სკანდალური განცხადება განმარტა და ჟურნალისტები სპეკულაციებში დაადანააშაულა.