მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაძლო მოწამვლას კიდევ ერთი საერთაშორისო მედია - Forbes ეხმაურება. გამოცემა ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის შემდეგ გაუარესდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე მოკვდება"
Forbes აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან არაერთხელ დაკარგა გონება ციხის მცველებთან შელაპარაკების შემდეგ. სტატიაში ვკითხულბთ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ყვება იმ დაზიანებებზე, რომელიც მას ციხეში ყოფნის დროს მიაყენეს.
მედია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე ცნობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა იურიდიულმა ჯგუფმა გაასაჯაროვა ამერიკელი ექსპერტის დევიდ სმიტის მიერ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური დასკვნა. გამოცემა წერს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა გამოვლინდა. დევიდ სმიტი დასკვნაში წერდა, რომ მძიმე მეტალების არსებობა მოწამვლის შედეგია. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მეტალები ორგანიზმში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მოხვდა.
სტატიაში, ასევე, საუბარია ნობელიანტი ექიმის, ჯეიმს კობის დასკვნაზე. კობიმ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბერში მოინახულა, მისი თქმით, მონახულებისას მესამე პრეზიდენტი მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებდა. როგორც კობიმ Forbes განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მან არ იცოდა როგორ მიიღო დაზიანებები. კობიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს კისერზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. "საჭიროა ის წავიდეს სხვა ქვეყანაში,რომელშიც არ არის პოლიტიკური პრობლემა მის მომავალთან დაკავშირებით", - უთხრა კობიმ გამოცემას.
მედია ასევე წერს ცენტრ "ეპათიის" დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს 10 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის - ანორექსია და კუნთების ატროფია. ნახსენებია ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციაც - დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება ციხის გარეთ.
სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც - თბილისში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა ჯონ ფერმა განაცხადა, რომ აშშ თვლის, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის ადამიანის უფლებების დაცვა და ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება: "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. ჩვენ გავაგრძელებთ ადვოკატირებას, რათა ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ფერის განცხადებაში.
სტატიაში განხილულია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციაც. მედია მასზე წერს, რომ "ქართული ოცნება", რომელიც სულ უფრო პრორუსულ პოზიციებს იკავებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს".
ამავე თემაზე: