ანაკლიის პორტი სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით აშენდება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების წილი ანაკლიის პროექტში 51% იქნება. პარტნიორი კომპანიის მოსაძიებლად კი მთავრობა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

"ჩვენი გადაწყვეტილებით ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ანაკლიაში რაც ხდება ახლა. მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი, ამიტომ ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში და ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას წინ უსწრებდა ტელეკომპანია "ფორმულაზე" სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება, სადაც ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდებაზე საუბრობდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი