ჩააგდეს ანაკლიის პროექტი და დღეს ქვეყანას ედავებიან, ძარცვის კლასიკური სქემაა - ღარიბაშვილი ხაზარაძე/ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის აშენებაზე ისაუბრა და ინვესტორები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ინვესტორებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 

ღარიბაშვილის სიტყვებით, პორტის აშენების მიღმა არა კეთილსინდისიერი ზრახვა, არამედ "გამდიდრებისა და ძარცვის იდეა" იყო.

"2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი კარგად მოგეხსენებათ ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. ეს პორტი არ ააშენა, ამ ვალდებულების მიხედვით ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება სამჯერ-ოთხჯერ თუ არ ვცდები და ამის მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული ჩემი ინფორმაციით და დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან 20-25 მილიონი დაახლოებით, სანაცვლოდ მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მილიონი დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. 

მას შემდეგ, რაც 4- 5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ - უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! ადამიანმა 5 წელიწადში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანას და ჩვენ ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი ზრახვა ამ პორტის მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივად გამდიდრებისა და ძარცვის იდეა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.

ცნობისთვისმ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას წინ უსწრებდა ტელეკომპანია "ფორმულაზე" სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება, სადაც ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდებაზე საუბრობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი