ქვეყნის პირველი პირი ამტკიცებს, რომ ბულინგის მსხვერპლია და შეტევებით დაიღალა. ზურაბიშვილმა თავის გამართლებისთვის ისევ ტრადიციული მეთოდი აირჩია. თქვა რომ რასაც ამბობს, სხვები ვერ იგებენ. ისევ მედიას შეუტია და ქართულის ცოდნა დაუწუნა.
ვკითხეთ ხალხს - საუბრობს თუ არა გასაგებად ქვეყნის პრეზიდენტი და რა განცხადებები დაამახსოვრდათ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქამდე გაუკეთებია.
ხმაურიანი და ხშირად გაუგებარი განცხადებების ავტორი სალომე ზურაბიშვილი დღეს განსაკუთრებით გაბრაზებული იყო. რადგან ორი დღის წინ მისი გაკეთებული შეფასება გიორგი შაქრაშვილის საქმეზე საყოველთაო კრიტიკის მიზეზი გახდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაჟკაცობა ერთი-ერთზე იცის და ჯგუფური ძალადობა მისთვის მიუღებელია. ზურაბიშვილის ეს ფრაზა საზოგადოების ნაწილმა და მათ შორის სახალხო დამცველმა, ძალადობის წახალისებად ჩათვალა.
საპასუხოდ კი ორ დღეში სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და სახალხო დამცველს მისი მოვალეობები შეახსენა. ბრალი დასდო, რომ კამპანიის პერიოდში არ იცავდა და მოსთხოვა, რომ ახლა მაინც დაიცვას. ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის საპასუხოდ განმარტა, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსლილებები კარგად იცის და თქვა, რომ თუ ვინმე სალომე ზურაბიშვილს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას გაუწევს, რეაგირება აუცილებლად ექნება.
სახალხო დამცველის მანდატი რომ ხალხის სახელმწიფოსგან დაცვაა და არა პირიქით, დღეს ამის ახსნას პრეზიდენტისთვის ოპოზიციაც ცდილობდა. ოპონენტები მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს. პრეზიდენტის დაცვას კი ისვე "ოცნება" ცდილობდა.
სალომე ზურაბიშვილი უკვე თითქმის ორი წელია პრეზიდენტია და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ძირითადად სკანდალური განცხადებებით ხვდება. ბოლო ასეთი განცხადება, ორი დღის წინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იყო, ამიტომ დამატებითი განმარტებების გაკეთება დღეს მოუწია.